ვარდისუბანი ვაინს
კავკასიონისა და ცივ-გომბორის ქედს შორის 110 კილომეტრზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთამდე გადაჭიმულ მდინარე ალაზნის ზღაპრულ ველზე მდებარეობს მეღვინეობის უძველესი რეგიონი – კახეთი, საკუთარი ენოლოგიური ტრადიციებით, ისტორიით, საქართველოში ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი მევენახეობის კონტროლირებადი ზონებით და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისათვის იდეალური პირობებით. თეთრი და წითელი ყურძნის ჯიშები გადანაწილებულია 22,500 ჰა ფართობის ვენახებში, რომლებიც ზღვის დონიდან 250-650 მ სიმაღლეზეა გაშენებული. აქ არის 7 ძირითადი ადგილწარმოშობის ზონა. მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე წინანდლის, ვაზისუბნის, ახაშენისა და მუკუზანის ზონებია შეფენილი, ხოლო კავკასიონის თვალწარმტაც მთისწინეთში მდებარეობს ნაფარეულის, ყვარელისა და ქინძმარაულის მიკროზონები. ამ ადგილწარმოშობის ღვინოებმა მსოფლიოში სახელი გაითქვეს ელეგანტური თეთრი და სრულსხეულიანი და წითელი ღვინოებით.
ალაზნის ველის მარჯვენა სანაპიროზე წინანდალის მიკრო ზონაში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარდისუბანი ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად მოიხსენიება XIV საუკუნეში. XVI საუკუნის დასაწყისში, კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, სოფელი კიდევ უფრო მომძლავრდა. კახთა მეფის ლევანის მეუღლემ, გურიელის ასულმა თინათინმა სოფლის მახლობლად “ახალი შუამთა“-ს ღვთისმშობლის მონასტერი ააშენა, ვარდისუბანი მდიდარია თიხნარი ნიადაგით. ამიტომ მამაკაცები მეჭურჭლეობას მისდევდნენ. სახელგანთქმული იყო მათგან დამზადებული თონეები, ქვევრები, და საერთოდ თიხის ჭურჭელი, ნაწილი მოსახლეობისა კი მესაკირეობასაც მისდევდა. ვარდიუბანში დღესაც იწარმოება ქვევრები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებშია გატანილი. ქვევრის საწარმოებლად გამოიყენება ადგილობრივი თიხა, რომეილც მდიდარია კირით.
სოფელ ვარდისუბანში, ზღვის დონიდან 640 მეტრზე მდებარეობს ღვინის კომპანია „ვარდისუბანი ვაინს“-ი, ჩვენს საწარმოში ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორია და ინოვაცია ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. ვინარჩუნებთ რა კახეთის მეღვინეობის ტრადიციებისადმი ერთგულებას, ვქმნით ღვინოებს, რომლებიც სიამოვნებას ანიჭებს ყველაზე დახვეწილი გემოვნების მქონე მომხმარებელს. „ვარდისუბანი ვაინს“-ის ღვინოებში განსხეულებულია ქართული მევენახეობა-მეღვინეობის ინდივიდუალობა, მრავალსახეობა და ჩვენი მისწრაფება - წარმოვაჩინოთ ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მრავლფეროვნების, კლიმატური პირობებისა და ნიადაგების გამორჩეული თანაფარდობა. დღესისათვის ვფლობთ ჯამში 10 ჰექტარ სერთიფიცირებულ ბიო ვენახს წინანდალის მიკრო ზონაში.
ტრადიციულ კახური ღვინის დაყენების ტექნოლოგია გულისხმობს ყურძნის კლერტ-საცლელში ყურძნის გატარებას და ტკბილი წვენის (ბადაგი) ჩასხმას ქვევრში. გამოწურვის შემდეგ კლერტის გარკვეულ რაოდენობას ვამატებთ ქვევრში ჩასხმულ ყურძნის ტკბილს. ალკოჰოლური დუღილის დასრულების შემდეგ ჭაჭა იწყებს დაძირვას და ქვევრებს ვხურავთ, ხოლო ვაშლრძემჟავა დუღილის შემდეგ ქვევრები უკვე ჰერმეტულად იხურება. მარტში ხდება ღვინის პირველად გადაღება. შემდეგ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ღვინო ვარგდება და ვახდენთ ბოთლებში ჩამოსხმას.
ჩვენი კოპმანია აღჭურვილია სხვადასხვა ზომის ქვევრებით საერთო ტევადობით - 55 ტონა. ასევე ვაწარმოებთ ქართულ ტრადიციულ მაღალალკოჰოლურ სასმელს „ჭაჭა“.
ამ ისტორიამ და ჩვენმა მამაპაპისეულმა დანატოვარმა მარანმა გადაგვაწყვეტინა ჩვენივე სოფელში 50 წლის წინ გამოძერწილ ქვევრებში დაგვეწყო ღვინის წარმოება ჩვენივე ვენახებში მოწეული ყურძნით.